პარლამენტის წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტში, დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურის და ხელოვნების სფეროებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” ორგანიზებით გაიმართა.
დეპუტატებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათ შორის განიხილეს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
„მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ საგანგაშო ვითარებაზე, რაც შექმნილია კულტურის და ხელოვნების სფეროებში. მოვისმინეთ არაერთი დარღვევის და უკანონო პროცესის შესახებ. ცხადია, რომ საჭიროა კულტურის საკითხები საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში სერიოზულად დადგეს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კულტურის სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებს გაუგზავნიან წერილს, სადაც თავმოყრილი იქნება კულტურის სექტორში არსებული პრობლემები.