“რუსეთის პოლიტიკური სისტემა მართლაც, რეალურად შეირყა, ეს დაზავება დროებითია” – მაისაია რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე
“რუსეთის პოლიტიკური სისტემა მართლაც, რეალურად შეირყა. ეს დაზავება დროებითია. ნებისმიერ დროს შეიძლება, მხარეებმა მისი იგნორირება მოახდინონ”, – ამის შესახებ უსაფრთხოების და სამხედრო საკითხების ექსპერტმა, პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მაისაია რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“პრიგოჟინის “სამართლიანობის მარში”, სამხედრო ამბოხი იყო, მაგრამ რეალურად ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნული ქმედება ფიქცია არ იყო. ეს იყო აბსოლუტურად რეალისტური სცენარი, რომელიც ეფუძნებოდა იმას, რომ პუტინის მიერ შექმნილ პოლიტიკური ვერტიკლის შიგნით სერიოზული რღვევა, არსებულ კლანებს შორის დაპირისპირება დაიწყო. როგორც ჩანს, პუტინი უკვე კოჭლი იხვი გახდა და აპირებს, პოზიციები დათმოს, თუნდაც არაფორმალური ლიდერი გახდეს. როგორც ჩანს, ოპერაცია “მემკვიდრე” სერიოზულ ფაზაში შევიდა. “ვაგნერის” გამოსვლა ფორმალურად, როგორც პრიგოჟინმა თქვა, იმაზე იყო დამოკიდებული, რომ, თურმე, პირველ ივლისს “ვაგნერის” სამხედრო ჯგუფების განიარაღებას აპირებდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალური საბაბია. რეალური საბაბი იყო მისი დაპირისპირება თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გერასიმოვთან. ასევე, იყო ის მომენტი, რომ მის ქალიშვილს ერთ-ერთი ბიზნესპროექტის განხორციელების საშუალება არ მისცეს. ამ ყველაფერმა ამბოხი გამოიწვია.
პრიგოჟინის “სამართლიანობის მარშმა” გამოავლინა ის, რომ, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაცია პოლიტიკური, ოპერატიული და სამხედრო კონტექსტიდან გამომდინარე მოწყვლადი და დაუცველია. “ვაგნერის” ჯგუფებმა ძალიან იოლად მოახდინეს 2 ისეთი ქალაქის დაკავება, როგორიცაა როსტოვი და ვორონეჟი. ასევე, სამხედრო შენაერთების ბლოკირება, მათი ნაწილის საკუთარ ნებაზე გადმოყვანა მოახდინეს. ფაქტობრივად, პუტინის რეჟიმი პირდაპირი კოლაფსის წინაშე იდგა. ეს არ იყო ფიქცია, გათამაშებული სპექტაკლი. პრიგოჟინმა მოსკოვისკენ სვლა არ განაგრძო იმის გამო, რომ პროცესებში ლუკაშენკო ჩაერთო. პრიგოჟინმა სამხედრო ძალის დემონსტრაცია მოახდინა. როგორ ჩანს, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის უკან იდგა, და პუტინის შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, ერთგვარი დაზავების პირობები დაიდო, რომლის მიხედვითაც, პრიგოჟინს დანაშაულებრივი ქმედებები ჩამოეწერა, თუმცა პუტინმა გასცა ბრძანება, სისხლის სამართლის საქმე სამხედრო ამბოხის მუხლით აღძრულიყო. შემდეგ პრიგოჟინს და მის მომხრეებს ეს მძიმე ბრალი მოეხსნათ. ფაქტობრივად, მას აიძულეს, რუსეთი დაეტოვებინა. ის მინსკში გადაფრინდა.
გუშინ საინტერესო ფაქტი მოხდა. პუტინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთს საკმაოდ რბილ ფორმაში ულტიმატუმები წაუყენეს. როგორც ჩანს, ამას კიდევ მეორე რაუნდი მოჰყვება.
ამ ვარიანტის განვითარება ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვიწინასწარმეტყველე. “კვირას” პრესკლუბშიც განვაცხადე, რომ შეიძლებოდა, რუსეთში მოვლენები ამგვარად, პრიგოჟინის სამხედრო ამბოხის კუთხით განვითარებულიყო. ეს პროგნოზი პირდაპირ ახდა.
რუსეთის პოლიტიკური სისტემა მართლაც, რეალურად შეირყა. ეს დაზავება დროებითია. ნებისმიერ დროს შეიძლება, მხარეებმა მისი იგნორირება მოახდინონ. უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა მაისაიამ.