გივი მიქანაძე: არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ოდესმე საქართველოს გავლით სანქციის გვერდის ავლა მომხდარა
„მივესალმებით ამ ვიზიტს – ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლას და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების – ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენის და კუმარ იერის საქართველოში ვიზიტს.
მისივე თქმით, არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ოდესმე საქართველოს გავლით სანქციის გვერდის ავლა მომხდარა.
“მივესალმებით ამ ვიზიტს, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ გაცხადებული გვაქვს საჯაროდ და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ობიექტური გარემოებების გამო საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საქართველო არასოდეს ყოფილა გამოყენებული და არც იქნება რომელიმე სანქციის გვერდის ასავლელად. მთელი ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ეს იქნება საბაჟო ხასიათის, ფისკალური ხასიათის, თუ სხვა მიმართულებები, ეს არის ღია, გამჭვირვალე. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გვიჩნდება რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია და საუბარი ამ საკითხებზე იმ ადამიანებთან, ვისაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებაზე სრული პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, ეს პროცესი ღიაა და მიმდინარეობს კონსტრუქციული მოლაპარაკებების და განხილვების ფორმატში. ოპოზიცია ცდილობს ეს ვიზიტი თავის ინტერესებს მოარგოს, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ვიზიტი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს ფერხულში უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ოდესმე საქართველოს გავლით სანქციის გვერდის ავლა მომხდარა, შესაბამისად, ამ მაღალი რანგის პირთა ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღონ და თუ მათ გააჩნიათ კითხვები, მიიღონ კონკრეტული პასუხები. ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლას და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს“, – განაცხადა მიქანაძემ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას.