გია ვოლსკი: საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო, ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის

“საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო. ასეთი პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ ოპოზიციის რევოლუციური სცენარი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„ნებისმიერმა რადიკალურმა ოპოზიციონერმა კარგად იცის, რომ საარჩევნო სისტემა არ და ვერ დაუშვებს, ვინმემ სცადოს და არჩევნების გაყალბება გამოუვიდეს. არჩევნები არც ადრე გაყალბებულა, მაგრამ ამ დონის ტექნიკური უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური თამაშები პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ არის, მის ინსტიტუტს არ ეკადრება. პრეზიდენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ცესკოს შემადგენლობას უმრავლესობით როცა ირჩევენ, ეს კონკრეტული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისგან მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მაგალითი არაერთხელ ყოფილა. მან ზუსტად იცის, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის ოპოზიციის რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ “პირველ არხთან” საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები