ირაკლი კობახიძე: მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა პრიგოჟინისტი – საერთოდ არ აქვთ ანალიზის უნარი

“მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა პრიგოჟინისტი და გულით გულშემატკივრობდნენ ადამიანს, რომელმაც ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო მოაწყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” ანალიზის უნარი საერთოდ არ აქვს.

“ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან და უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად ამ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ამ კონტექსტში რაღაც ახალი ინიციატივის შემოტანა, ეს არის უბრალოდ სააკაშვილის მცდელობა, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ გაემყარებინა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან. ახლაც ასეთი პროვოკაციული იდეებით რომ გამოდის, ეს მეტყველებს მის რეალურ მიზნებზე. მისგან ეს არ არის გასაკვირი, რადგან გუშინ ის, ისევე როგორც მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ მას. მას უძღვნიდნენ ეპიტაფიებს, ლექსებს და ა.შ. ჩვენ მათ დილიდანვე ვურჩიეთ იმ დღეს, რომ არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება. არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი. ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო ყველა სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო. ამით ამაყობდა პრიგოჟინი, რომ მან მოაწყო უკრაინელების სასაკლაო და ხორცსაკეპი, თვითონ უწოდა ასე. ასეთ კაცს გულშემატკივრობდა მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამით ჩანს მათი სახე, საერთოდ რომ არ აქვთ ანალიზის უნარი. დილიდან აბსოლუტურად ვერ გააანალიზეს მოვლენები. ყველანაირი შეცდომა დაუშვეს მოვლენების ანალიზის დროს. წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს გუშინწინ. ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები