ირაკლი კობახიძე – კანდიდატის სტატუსზე: დიდი იმედი გვაქვს, გლობალური კონტექსტიც ხელს შეუწყობს ჩვენ სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას
“დეკემბერში ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, დიდი იმედი გვაქვს გლობალური კონტექსტიც ხელს შეუწყობს ჩვენ სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წესით საქართველოს განსაკუთრებული ლობირება ამ მიმართულებით არ სჭირდება.
„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, ეს ევროკომისიამაც აღიარა, როდესაც იანვარში გამოაქვეყნა ქულებით შეფასება. ჩვენ ქულებით წინ ვუსწრებთ მოლდოვას, ბოსნიას, ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭათ, შესაბამისად, ევროკომისიამ უკვე აღიარა, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, სტატუსი წელს დეკემბერშიც ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ოდნავ ობიექტური მაინც ის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა გამოიტანოს ევროპულმა საბჭომ, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, არავითარ განსაკუთრებული ლობირება წესით არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.