“პროცესები წინაა. როდესაც მეორე კონტრშეტევის დროს უკრაინა წარმატებებს მიაღწევს, რუსეთის სამხედრო მანქანა, რუსეთის გავლენების აღდგენის მსურველები ისე დასუსტდებიან, რომ შემოდგომაზე ველოდებით მართლა ისეთ გადატრიალებას, რომელიც შედეგით, დღევანდელი სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაყენებით დამთავრდება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანალიტიკოსი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ჩვენი პრესკონფერენციის თემა რუსეთში 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. ჩვენთვის ეს არც უცხოა და არც ახალი. ამის შესახებ ზუსტად ამ სტუდიიდან პროგნოზი ამ წლის დასაწყისში დავდეთ. დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, რომელიც მხოლოდ დასაწყისია და შემოდგომაზე აუცილებლად გამეორდება. კითხვა ერთია: ეს ინსპირირებული გადატრიალების მცდელობა იყო, თუ ნამდვილად მოხდა? საქართველოში, ისე – როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ თავს მოუწყო და შემდეგი შედეგი მიიღო: გამოავლინა “მოღალატეები” და საშუალება მიეცა, ჯარი ბელარუსში შეეყვანა. ამ ვერსიის ქვეტექსტია, რომ რუსეთი მაგარია, რომ პუტინი გაუთვლელად არაფერს აკეთებს. პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის საკენკი პრორუსი პროპაგანდისტებისთვის როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. ნარატივი იმის შესახებ, რომ ეს პუტინმა თავის თავს თავადვე მოუწყო, ძალიან სუსტი ვერსიაა. თუ მას ბელარუსში დამატებითი ძალების შეყვანა უნდოდა, მას ამის პრობლემა არც ჰქონდა და არც ახლა აქვს. ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები შეიყვანა და ჯარს ვერ შეიყვანდა? რაც შეეხება რუსეთსა და კრემლში მოღალატეების გამოვლინებას, ამას “ფე ეს ბე” აკეთებს. ძალიან ეჭვი გვეპარება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში მათ არ იცოდნენ, ვინ ვისთან რაზე ლაპარაკობს, ვინაა პოტენციური მოღალატე.
პუტინმა ამ 22 წლის მანძილზე ისე მყარად გაიდგა ფესვები, მისი გადაყენება, შეცვლა ერთჯერადად არანაირ ძალას არ შეუძლია. ამიტომ, მისი ძალაუფლების შენჯღრევა დაიწყო. ბზარები უნდა გაუჩინონ და აიძულონ, თავად წავიდეს.
რუსეთის ხელისუფლების დღევანდელ მმართველობას პირველი ბზარები მაშინ გაუჩნდა, როცა მეოთხე დღეს კიევი ვერ აიღო. შემდეგი ბზარები მაშინ გაუჩნდა , როდესაც უკრაინის პირველი კონტრშეტევის შემდეგ მისმა ჯარმა მოკურცხლა. შემდეგი ბზარები მაშინ იყო, როცა კრემლში და შემოგარენში რამდენიმე დაჯგუფება გაჩნდა, რომლებსაც მისი გადაწყვეტილება არ მოსწონდათ. პუტინის სურვილს, შეჭრილიყო უკრაინაში , სამხედრო ხელმძღვანელობაში, ბიზნესწრეებში მოწინააღმდეგეები ჰყავდა. რა თქმა უნდა, ისინი გააქტიურდნენ.
მარცხი ვიღაცისთვის უნდა დაებრალებინათ. განტევების ვაცად ვინმე პრიგოჟინი აარჩიეს. გადაწყვიტეს, რომ მარცხი, რომელიც უკრაინაში იწვნიეს, ვინმესთვის დაებრალებინათ. პრიგოჟინი მიხვდა, რომ ჯოხის მასზე გადატეხა უნდოდათ და აყვირდა. თავიდან ის მარტო იყო, მაგრამ ახლა მარტო არაა. მის შემოგარენში პოლიტიკოსები, ოლიგარქები არიან. 4 ოლქი აიღო, 9 ოლქში მის ბრძანებას ელოდნენ. ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. მაგრამ გაჩერდა. გაჩერდა არა იმიტომ, რომ სპექტაკლი იყო, არამედ იმიტომ, რომ ჯგუფი, რომელიც ამ შეიარაღებულ ფორმირებას ლობირებს და ამოძრავებს, ამოქმედდა და პუტინისგან ის დათმობები მიიღო, რასაც ამ ამბოხის გარეშე ვერ მიიღებდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, კრემლმა რა დაუთმო. ძალიან მალე გამოჩნდება. თუ არ დაუთმობდა, მაშინ ისინი მსვლელობას გააგრძელებდნენ.
პროცესები წინაა. როდესაც მეორე კონტრშეტევის დროს უკრაინა წარმატებებს მიაღწევს, რუსეთის სამხედრო მანქანა, რუსეთის გავლენების აღდგენის მსურველები ისე დასუსტდებიან, რომ შემოდგომაზე ველოდებით მართლა ისეთ გადატრიალებას, რომელიც შედეგით, დღევანდელი სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაყენებით დამთავრდება”, – განაცხადა კასრელიშვილმა.