“მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკის გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.
პაპუაშვილის თქმით, უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება უკეთესი იქნება.
„მე არ ვიცი, ეს მედიაში გავრცელდა, მთავარი არის ის, რომ მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში. ამ ტრიოში ორ წევრს აქვს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამიტომ, ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი. ამას მე მგონი ყველა მივესალმებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.