ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნება“ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
“ქართული ოცნება“, საქართველოს პრემიერმინისტრი, თავდაცვის, უშიშროების და უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ინტერესი არის მშვიდობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი მანამდე უნდა იყოს მშვიდად, ვიდრე გონივრულად უძღვება საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ინტერესი.
„ასეთი ტურბულენტური რეგიონი, გარემო, არ მახსენდება. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ჩვენ გვიწევს დანის პირზე გავლა. მე ვიცი ერთი რამ, რაც არ იციან უსამშობლო ხალხმა – ხანჯალი მაშინ უნდა ამოიღო, როდესაც მას აქვს ის ძალა და ის შედეგი, რომელიც მოიტანს შენს თავისუფლებას, მოიტანს შენი ოჯახის და ირგვლივ მყოფების უსაფრთხოებას.
რატომ უნდა ვუგულშემატკივროთ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც საოკუპაციო ჯარების სხვადასხვა მიმართულების ფლანგს წარმოადგენენ. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, მშვიდობას. ქართველი ხალხი მანამდე უნდა იყოს მშვიდად, ვიდრე მართლაცდა გონივრულად უძღვება საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. უნდა დაგვეხმაროს ქართველი ხალხი, რომ ეს მავნებლები არ მოვუშვათ“, – განაცხადა ოდიშარიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.