სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სპორტული ასოციაციების მოხსენებებს გაეცნენ
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სპორტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში სპორტული ჟურნალისტიკის როლზე ისაუბრეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა კომიტეტის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მედიაპროექტები გააცნო, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისა და კერძო სპონსორების დაფინანსებით ხორციელდება. მისი თქმით, ასოციაციას 170-მდე წევრი ჰყავს, რომელთაგან 18 საერთაშორისო ასოციაციის წევრია.
ასოციაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას კი სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედია ტურნირების გამართვა წარმოადგენს.
სხდომაზე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხათუნა საგანელიძემ განაცხადა, რომ სპორტული მედიცინის ასოციაცია საქართველოში პროფესიონალური სპორტით დაკავებული პირების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რაც როგორც ოლიმპიურ, ისე არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობებში მაღალი მიღწევების სპორტსმენებს მოიცავს.
ასოციაციის ერთ-ერთ პრეროგატივას კი ბავშვთა და მოზარდ სპორტსმენთა სპეციალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური სამედიცინო უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სპორტული მედიცინის განვითარებაზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ასოციაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას ხელმძღვანელობს, კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების წინადადებით მიმართა.
მისი თქმით, „სპორტის შესახებ” კანონში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ჩანაწერი და არაფერია ნათქვამი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე. სპორტის ხელმისაწვდომობა კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა კომიტეტის აპარატს და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სპორტული მედიცინის და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციასთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების წინადადებით მიმართა.