რატი იონათამიშვილი: უგულავას ეს სიტყვები მარტო მას არ ეკუთვნის, ეს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის პოზიცია და განწყობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას “ფეისბუქ” სტატუსს გამოეხმაურა.
“უგულავას ეს სიტყვები მარტო მას არ ეკუთვნის. ეს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის პოზიცია და განწყობაა. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის მტრები არიან. მათ მარტო პოლარიზაცია და არეულობა აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში. ამ განცხადებებზე ვფიქრობ, რომ შესაბამისი კომენტარი იმ ევროპარლამენტარებმაც უნდა გააკეთონ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა იქნება აქ პოლარიზაციის შემამცირებელი, სინამდვილეში ეს პირიქით არის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა – “ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც პირიქით ,,ქოცობის,, წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან – შიშების საპირისპიროდ”.