მამუკა მდინარაძე: მთელი მსოფლიო იყო გარინდული, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს
“მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის, უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ალბათ, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება, იყოს ხელისუფლებაში ამ დროს.
“როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მე ვიქნებოდი თუ სხვა, ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. ჩვენ ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში გამონათქვამები, ფრაზები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები. ეს არის სპონტანური, არამედ დაგეგმილი კამპანია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. ალბათ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში ამ დროს. მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს. ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში“, – განაცხადა მდინარაძემ.