ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტზე: მას მართებს სხვანაირი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან მიმართებით

“კომუნიკაციას სჭირდება ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ გვინახავს ხშირად, პრეზიდენტის თხოვნით მისულა მასთან მინისტრი და ინფორმაცია მიუწოდებია, მაგრამ როცა პრეზიდენტი კონფრონტაციულ პოზიციაზე დგას, იქ თანამშრომლობის ნებაყოფლობითი არხები, რომ იტყვიან, იბინდება”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერცერთი უწყებისგან ვერ მიიღო და საჭიროა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იქნეს მოწვეული.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტს ხელისუფლების მიმართ სხვა დამოკიდებულება მართებს.

“პრეზიდენტი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ გადამზღვევი იმ შემთხვევაში, რომ საომარი მოქმედებების დროს, გადაწყვეტილების მიღებისას იყოს გადაზღვევა. ეგრე ინგლისის დედოფალიც არის, უფრო სწორად დღეს უკვე მეფე ინგლისის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მხედართმთავარი და პირობითად ინგლისის სამხედრო ძალებს ჰქვია მისი უდიდებულესობის სამხედრო ძალები, მაგრამ მეფე კი არ მართავს, მართავს ინგლისის მთავრობა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, იქაც უშიშროების საბჭო, მას მართავს მთავრობა, როცა ამის საჭიროებას ხედავს, ზუსტად ანალოგიური ვითარებაა ჩვენთანაც, უშიშროების საბჭოს იწვევს პრემიერი, როცა ამის აუცილებლობას ხედავს. კომუნიკაციას სჭირდება ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ გვინახავს ხშირად, პრეზიდენტის თხოვნით მისულა მასთან მინისტრი და ინფორმაცია მიუწოდებია, მაგრამ როცა პრეზიდენტი კონფრონტაციულ პოზიციაზე დგას, იქ თანამშრომლობის ნებაყოფლობითი არხები, რომ იტყვიან, იბინდება. მას მართებს სხვანაირი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან მიმართებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები