“პრიგოჟინის ე.წ. ამბოხმა რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალის სისუსტე დაგვანახა” – ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ე.წ. ამბოხმა რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალის სისუსტე დაგვანახა. ამის შესახებ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“ჯერჯერობით, პრიგოჟინის ე.წ. ამბოხის შესახებ პასუხგაუცემელი კითხვა უფრო მეტია. რეალური ინფორმაციაც იმდენი არ არის, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია, რაღაც კონკრეტული დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ, რაც სახეზეა, ეს არის ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ავად თუ კარგად, შესაძლოა, საკუთარი რეპუტაციული დანაკარგების ფასად კონფლიქტის განმუხტვა მოახერხა. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთში პრიგოჟინის არმიის და რუსეთის რეგულარული არმიის შეტაკებებს, სცენარს, რომელიც ჯერ კიდევ შაბათ-კვირას ძალიან რეალურად მოსჩანდა. ჯერჯერობით, კონფლიქტი განიმუხტა, ხანძარი ჩაქრა, მაგრამ ვიტყოდი, რომ მუგუზლები ჯერ კიდევ ღვივის და არავინ იცის, როგორ განვითარდება სიტუაცია, ანუ რამდენად მოხდება “ვაგნერის” როგორც არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების ოფიციალურ სტრუქტურებში ინტეგრირება, როგორც დაგეგმილი იყო და როგორც გამოცხადდა, ასევე, არავინ იცის, რა ბედი ეწევა პრიგოჟინს, ვფიქრობ, ამას არ აპატიებენ, რადგან თავად რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიიღო არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც.
რუსეთის მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ პრიგოჟინის სახით ჯინი ბოთლიდან ამოუშვა, იმიტომ, რომ პრიგოჟინი პუტინთან დაახლოებული იყო, მას ბევრი რამის უფლება ეძლეოდა. უფლება მისცეს, კერძო სამხედრო ფორმირება შეექმნა, როგორ ჩანს, ვერ გათვალეს, რომ ამ ადამიანის ამბიციები იმაში გადაიზრდებოდა, რომ ამ კერძო სამხედრო ფორმირებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავდა. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალი ქაღალდის ფეხებზე შემდგარი კოლონაა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად სოლიდურად გამოიყურება. სინამდვილეში არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები რუსეთში, თუ პრიგოჟინის არმია მოსკოვისკენ სვლას გააგრძელებდა. მას დახვდებოდნენ ჯარები და ეს, ფაქტობრივად, ძმათამკვლელი ომი იქნებოდა. იმიტომ, რომ პრიგოჟინის კერძო კომპანიის სამხედროები ყოფილი სამხედროები არიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჯარში მსახურობდნენ.
ახლა ყველაზე უპრიანია, სიტუაციას დინამიკაში დავაკვირდეთ, ვნახოთ, თუ რა მოხდება ამ დღეებში. ამის შემდეგ უფრო რეალისტურად შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები.
ამ მოვლენებმა, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალის სისუსტე დაგვანახა. მათ ერთ კონკრეტულ პიროვნებას, იმის გამო, რომ უმაღლეს მმართველთან იყო დაახლოებული, გადაჭარბებული უფლებები და პრივილეგიები მისცეს. ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ასეთი სტრუქტურის არსებობა ერთ მშვენიერ დღეს თავად სახელმწიფოს დაარტყამდა. ეს არის მეტყველი ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ინსტიტუციური წესრიგი არ არის. ინსტიტუციური წესრიგი რომ ყოფილიყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები