ირაკლი კობახიძე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე
“გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
„როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. იყო მთელი რიგი განცხადებები სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხანი გულში ინახავდნენ. ეს არის ნაცმოძრაობის კოლექტიური სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში გუშინ, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.