პრეზიდენტისგან ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საუბრისას „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებას რომ აპირებდა, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს შეიტყო.
„პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.
ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.