მიხეილ სარჯველაძე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების, კომიტეტის მანდატის და პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კომიტეტის ძალისხმევას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული მე-11 პრიორიტეტის შესრულებაზე, რაც ქართული სასამართლოების მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდებოდა.
სტუმრების მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული ზომების მნიშვნელობა აღინიშნა. დელეგაციის სტუმრობას ორგანიზებას იუსტიციის სამინისტრო უწევს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კონსულტაციებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან გამართავენ, სადაც აღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.