გია ვოლსკი: საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს და ეს მისასალმებელია
საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით და ეს არის მისასალმებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ ანგარიშს, რომელიც გუშინ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს არის მოწოდების სიმაღლეზე.
„საკმაოდ დრო არის, რათა პუნქტობრივად გავიაროთ შექმნილი ვითარება და ნებისმიერ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პოზიცია. ვფიქრობ, კომპეტენტური პოზიცია და იგი გათვალისწინებული იქნება საბოლოო განხილვისას. რაც შეეხება მოსაზრებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ტრიოში საქართველო ჩამორჩენილი, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენ ოპონენტებს, ვინაიდან, ყველა ინდიკატორით საქართველო მოწინავეთა რიგებში დგას არა მარტო ამ რეკომენდაციებთან მიმართებით, არამედ არსებობს კიდევ კომპეტენტური ორგანიზაციები, სადაც რეიტინგები მუშავდება ცალკეული ქვეყნების და საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით, ეს არის მისასალმებელი. სამი ჩაუთვალეს მოლდოვასაც, ორი ჩაუთვალეს უკრაინას და მასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვედავებით. დიახ, ზედმიწევნით ბოლომდე იქნება შესრულებული და მე გეუბნებით, რომ რეალურად ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დრო იქნება, თუ არ იქნება კონიუქტურული გადაწყვეტილება მიღებული, ვფიქრობ ყველა მუხლში საქართველოს არის მოწოდების სიმაღლეზე და გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არა მარტო ტრიოს ქვეყნები, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ეს არის სხვა საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ გვმართებს დეტალური მსჯელობა იმ სტრუქტურებში, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ოქტომბერში“, – განაცხადა ვოლსკიმ.