ალიხან სმაილოვი: საქართველოს და ყაზახეთს ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ

“საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით”, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები – 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, – განაცხადა ალიხან სმაილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები