ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ევროპული საბჭო ავრცელებს.
მიშელის თქმით, ეს არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციის კუთხით.
ის ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არმიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.