გია ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე
ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის და ეს ყველაფერი ჩამოქვეითებულია იქამდე, რომ ვითომ მანქანით ისარგებლა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.