ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, პარტნიორების რეკომენდაციებს მიჰყვეს
„ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, პარტნიორების რეკომენდაციებს მიჰყვეს. მარგინალური ოპოზიცია კი ვერც მალავს სიხარულს იმ ჰიპოთეზური შესაძლებლობით, რომ საქართველოს იქნებ, სტატუსის მინიჭება გადაუვადონ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განწყობა საქართველოს მიმართ პოზიტიურია, ამაზე მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის შეხვედრებზე ქვეყნის მისამართით გაკეთებული განცხადებები. ოდიშარიამ ასევე აღნიშნა, რომ თუმცა, საჭიროა, ამ კუთხით მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
„ვფიქრობთ, რომ თუ იქნება რაიმე ტიპის რჩევები, ბუნებრივია, ესეც არ იქნება ტრაგედია. ჩვენ მზად ვართ, როგორც აქამდე, პირნათლად ვმუშაობდით 12 რეკომენდაციაზე განვაგრძოთ მუშაობა, თუ ჩვენი პარტნიორები რაიმეს ჩათვლიან დასახვეწად. იცით, რომ ამ საქმიანობაში ერთი-ორი ოპოზიციონერის გამოკლებით, აბსოლუტურად საბოტაჟირებული ვიყავით და მეტიც, იმის მაგივრად, რომ შექმნილ 9 ჯგუფში ერბინათ აქ, პარლამენტის სასახლის კაბინეტებში, სულ სხვა კორიდორებში დარბოდნენ, ევროპელ მაღალჩინოსნებთან და აშავებდნენ არა მხოლოდ საქართველოს, „ქართულ ოცნებას“, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი არ არის. პირდაპირ გეტყვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, აი, დღეს ევროპარლამენტიდან სპიკერები რომ გვაკრიტიკებენ, მათ გვითხრეს, რომ მაგალითად, გიორგი კანდელაკი კარდაკარ დარბოდა, რომ ღარიბაშვილის მთავრობის ხელმძღვანელობის პირველი პერიოდისას მონიჭებული ვიზა-ლიბერალიზაცია „ქართულ ოცნებას“ არ მინიჭებოდა. იმავეს ცდილობდნენ და ნატრობდნენ ასოცირების ხელშეკრულებისა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებისას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ოდიშარიამ “ქრონიკის” ეთერში.