საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გუბერნატორმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის მეგობრული ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე; უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას და შეხედულებების გაცვლას სხვადასხვა დონეზე; ვიზიტების, სემინარების, ექსპერტების შეხვედრებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვა ფორმების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საბჭოს აპარატის უფროსს, გივი თუმანიშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და თურქული დელეგაციის წევრები.

შეხვედრაზე, ორ უწყებას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები