“ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ – იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის შუალედური ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ნებისმიერი კითხვას უპასუხოს.
„ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას, და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შესრულებულია ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული მათი შესრულება. იგივე დეპოლარიზაციას მხოლოდ ჩვენ ვერ შევასრულებთ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე იქნება შესაბამისი შეფასებები. თუ სადმე იქნება კითხვები, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, აქაც მზად ვართ დისკუსიისთვის. იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული“, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს.