ალუდა ღუდუშაური: საქართველოში გარეთ ახლა არის დღე, მაგრამ შეიძლება, გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ ღამეა – ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს
“გარეთ ახლა არის დღე საქართველოში, მაგრამ შეიძლება, გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი ხელის გულზეა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციები შესრულებულია და ახლა მთავარი ობიექტური შეფასებების გაკეთებაა.
„ვფიქრობ, ობიექტური შემფასებლისთვის, სრულიად ნათელი და ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, გარდა ერთისა. ამას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კონგლომერატის ქვეშ ხოშტარია-ჯაფარიძის, ამ რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანები პირიქით, პოლარიზაციას აღვივებენ და მათი მიზანია ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს, რათა ამ გზით გამოიწვიონ ქაოსი და არეულობა, იქნებოდა ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. გარეთ ახლა არის დღე ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ შეიძლება, გამოჩნდეს პირი, რომელმაც თქვას, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი არის ხელის გულზე, შევაფასოთ ობიექტურად და ნებისმიერ შემთხვევაში დავინახავთ ამ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს.