გიორგი კახიანი: ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული იქნება
ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს იქნება ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა „რადიკალური“ ოპოზიციის მთავარი მოტივი არის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რამაც მათივე ვარაუდით, შესაძლოა ქვეყანაში გამოიწვიოს პოლიტიკური მღელვარება და უმართავი პროცესები.
„ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება იქნება დეპოლარიზაციის მნიშვნელოვანი გარანტი – ქვეყანაში დასრულდება პოლარიზაცია იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება. ვინაიდან მათი პოლიტიკური მომავალი აწყობილია იმაზე, რომ იქნებ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და შემდგომ ამას მოჰყვეს უკონტროლო პროცესები, რომლებიც მათი წარმოდგენით, შესაძლებელია დასრულდეს ხელისუფლების ცვლილებით. ეს, რა თქმა უნდა, არის უტოპიური წარმოდგენები, რასაც არანაირი ასრულება არ უწერია, თუმცა ისინი ასე ფიქრობენ და სამწუხაროდ მათ ქმედებებში ეს ჩანს. თუნდაც იმ 11 რეკომენდაციის შესრულებაზე როდესაც ვსაუბრობდი, ამ პროცესში მათ ფაქტობრივად არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, არცერთ ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.