რატი იონათამიშვილი: პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, გარდა ერთისა, ეს არის პოლარიზება
„ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან პროაქტიული სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიცირებითა და უზრუნველყოფით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრესია ყველა მიმართულებით, გარდა ერთისა, ეს არის პოლარიზება.
“ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟს ამ პროცესისადმი, რომელიც არცერთ სამუშაო ფორმატში არ ერთვებოდა, მაგრამ ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს არაფერსო. კონკრეტული გადაწყვეტილებები და ციფრები მეტყველებენ სინამდვილეში შედეგებზე. ის, რომ 100-მდე კანონპროექტი არის მიღებული პარლამენტის მიერ, გაიმართა 60-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა, შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი და პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, გარდა ერთისა, ეს არის პოლარიზება, ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას.