“გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა” – ირაკლი კობახიძე
„ჩვენ არ ვერევით გვარამიას საქმეში და თავს ვიკავებთ შეფასებებისგან, სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოსგან განსხვავებით. ჩვენ ვიცავთ სტანდარტს. როდესაც სასამართლოს გამოაქვს გარკვეული გადაწყვეტილება, აქ პოლიტიკური კომენტარები ზედმეტია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„არავითარი კავშირი არ შეიძლება, იყოს გვარამიას საქმესა და კანდიდატის სტატუსს შორის. ყველამ იცის, რომ არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არაა. ის იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის.
მან მოჰპარა კერძო ტელეკომპანიას 7 მილიონი ლარი, რადგან იცოდა, რომ ეს კომპანია გადასაცემი ჰქონდა კანონიერი მფლობელისთვის. თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე, მაშინაც გავრცელდა აშშ-ის საელჩოს განცხადება და მათ დაგმეს ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა და ისიც დაადგინა, რომ აშშ-ის საელჩოს მაშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო.
კიდევ ერთხელ აკეთებენ ამას და ეს არის მიუღებელი. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ჩვენ თავის დროზე თვალი დავხუჭეთ მოსამართლე ჩხიკვაძეზე ზეწოლის მცდელობას, რაც ასევე იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ალბათ, არ უნდა დაგვეხუჭა თვალი, იმიტომ რომ ამას გაგრძელება მოჰყვა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება“, – აცხადებს კობახიძე.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საელჩო იმედგაცრუებულია, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.