„ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ წელიწად-ნახევარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ატყუეს“ – შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

„კარგი და ცუდი დეზინფორმაცია არ არსებობს, რომ თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია, ხოლო დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია – კარგი! ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ წელიწად-ნახევარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ატყუეს და ჩვენც ტყუილზე გვალაპარაკეს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თქმით, რუსული და პრორუსული დეზინფორმაცია ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას აგრძელებს.

„პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ეს ის გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ და ამის მხოლოდ რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის. თუ ავიღებთ მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას, როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის მოწამლეს და აწამეს, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა.

რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა?! ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე – იყო ამხელა დეზინფორმაციული კამპანია, რაც ვნახეთ კიდეც რომ დაფინანსებული იყო, ამერიკულ და ევროპულ მედიაში ვრცელდებოდა ყალბი სტატიები, გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ.

ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, ადამიანები, რომელთაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში იყვნენ ჩართული. ყველა დეზინფორმაცია არის ცუდი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები