“ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო დაინახავდა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს” – კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საელჩო იმედგაცრუებულია, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ თავიდანვე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით. შეერთებულმა შტატებმა ამ საქმით, დაკავების დროით, თავად ბრალდებებისა და, რა თქმა უნდა, განაჩენის გამოტანით თავისი შეშფოთება გამოხატა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის განცდაც კი, პოლიტიკური ჩარევის, ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მათ მიიღეს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 19 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.