დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტით 2023 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება გარდამავალი პერიოდი მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირების დარღვევისთვის.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ასევე კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ციცაგის განცხადებით, საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძვლები დარეგულირებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჰაერო ხომალდს ეცვლება დანიშნულება და იგი სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის აღარ იქნება გამოყენებული.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საჰაერო ხომალდების დანიშნულების შეცვლა სახელმწიფო რეესტრიდან ხომალდის ამოღების საფუძველი გახდება.
კომიტეტმა სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გურგენიძის განცხადებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ცალკეული საკითხების დარეგულირების საჭიროებიდან, რომელსაც კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი 2018 წელს ამოქმედდა და ამ პერიოდში დანახული და გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ცვლილებების მომზადება, რაც შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება საპენსიო სააგენტოს საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებები. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით მხარი დაუჭირა.