ლევან იოსელიანი: ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ – მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება
“ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
ომბუდსმენი სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე”,- წერს იოსელიანი.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.