ირაკლი ზარქუა: ზურაბიშვილი დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ, ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს, არ სჯობს, დავილაპარაკოთ?
„პრეზიდენტს გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ?”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მცდელობაა, საზოგადოებას თავი რადიკალიზმით დაამახსოვროს.
“შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს, მას დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში. გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით. დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები. ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ და ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს? არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით? კიდევ ერთხელ შანსს მივცემთ“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.