ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. ეს იმედები თანდათან გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქმედებების გამო, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია დაამსხვრია.
„ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდ მსოფლიო ძალებს შორის კონკურენცია იზრდება. პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. ეს იმედები თანდათან გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქმედებების გამო.
უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დაამსხვრია რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია. ასე რომ, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ. და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ ახლა განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ რუსეთის აგრესია ნატოში არ გაგვიკვირდა, რადგან ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა რუსული სამხედრო გაძლიერების შესახებ დაზვერვის ზუსტი მონაცემები. ასე რომ, როდესაც რუსეთი შეიჭრა, ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული და გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ მეტი ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მივეცით ჩვენს უზენაეს სარდალს მეტი უფლებამოსილება, რადგან მზად ვიყავით და ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი იმ დილითვე გავაკეთეთ“, – განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.