ინდოეთში ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკვე 100-მდე ადამიანი შეეწირა
ინდოეთის ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში – უტარ-პრადეშსა და აღმოსავლეთ ბიჰარში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე, სულ მცირე, 96 ადამიანია დაღუპული.
უტარ-პრადეშში გარდაცვალების 54 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა უმეტესობა 60 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან.
ბალიას ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში რაიონულ საავადმყოფოში 300-მდე პაციენტი გადაიყვანეს, რომლებსაც გაუსაძლისი სიცხისგან სხვადასხვა დაავადება გაუმწვავდათ.
შექმნილი ვითარების გამო, საავადმყოფოებში საწოლები დაამატეს. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება მაღალი სიცხე, ღებინება, დიარეა, ქოშინი და გულთან დაკავშირებული პრობლემები.
ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ორი დღის წინ მამა დაკარგა, ABCnews-თან საუბარში ამბობს, რომ ბალიაში ასეთი რამ არასდროს უნახავს.
მისი თქმით, “სიცხისგან ამდენი ხალხი არ დაღუპულა. ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინია. ბაზრები ცარიელია”.
ბალია და უტარ-პრადეშის შტატში 18 ივნისს 43 გრადუსი დაფიქსირდა.
როგორც ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მეცნიერმა, ატულ ქუმარ სინგჰმა თქვა, მთელ შტატში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. მან დასძინა, რომ, “სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში მისი შემცირება მოსალოდნელი არ არის”.
ჯანდაცვის მინისტრმა, ბრიჯეშ პატაკმა თქვა, რომ ბალიაში “ამდენი ადამიანის” გარდაცვალების მიზეზების გამოძიება დაწყებულია.