გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი მიხვდა, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იყენებდნენ როგორც პოლიტიკურ მძევალს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის
“სააკაშვილი მიხვდა, რომ ამ ხნის განმავლობაში კონკრეტული ადამიანები – კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი იყენებდნენ როგორც პოლიტიკურ მძევალს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ლიდერის პოზიციის დაბრუნება სურს.
„სააკაშვილს უნდა იცნობდეთ, პიროვნება, რომელიც მუდმივად ლიდერობდა. უხაროდა, რომ ლიდერი გახდა იმის გამო, რომ მას დემენცია დააბრალეს, თითქოს მოწამლული იყო და 400 დღეა კვდება, ეს მას მორალურად აძლიერებდა, რადგან მის გარშემო ტრიალებდა პოლიტიკური პროცესი. დღეს როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს ფაქტორი მოშორდა, მძევლის ფუნქციიდან გადაინაცვლა ბალასტის ფუნქციაში, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქედან არის განპირობებული, მას უნდა ლიდერის პოზიციის დაბრუნება და ეცდება ყველაფერს, რომ ეს გააკეთოს. ის მიხვდა, რომ მას ამ ხნის განმავლობაში იყენებდნენ როგორც პოლიტიკურ მძევალს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, კონკრეტული ადამიანები – კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. დღეს ის ეცდება, რომ თავის რესურსი დაიბრუნოს, მაგრამ გარშემო შერჩა ხაბეიშვილი მარჯვენა ფრთიდან და მარცხენა მხრიდან მელია და ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი მისთვის მისაღები ვერ იქნება”,- განაცხადა ვოლსკიმ.