პაატა მანჯგალაძე – სააკაშვილზე: ხედავს, რომ თითოეული ქართველის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უნდა, როგორც ამ ქვეყნის შვილმა, დააფიქსიროს პოზიცია
მესამე პრეზიდენტი, მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, ხედავს, რომ თითოეული ქართველის აზრს, პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის აზრით, სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაში არა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, არამედ მნიშვნელოვან საკითხებზე გარკვეული განცხადებების გავრცელებას გულისხმობს.
„ალბათ, მესამე პრეზიდენტი, მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, ამ ისტორიული შანსის გზაგასაყარზე დგომის დროს ხედავს იმ სირთულეს, რომ თითოეული ქართველის აზრს, პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად უნდა, როგორც ამ ქვეყნის შვილმა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ამას ეძახის ალბათ პოლიტიკაში ჩართვას. მე ვიცი, რომ საგრძნობლად გაუმჯობესებული მდგომარეობა არ აქვს იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატაროს. პოლიტიკაში დაბრუნებაში ალბათ გულისხმობს, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან, ძირითად საკითხებზე გარკვეული განცხადებების გავრცელებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.