“პატარა გამოხტომები, რომ მოდი, ნატოს წევრებისადმი განცხადება გავაკეთოთ და ამით ყურადღება მიიქციოს რომელიმე პარტიამ, არ არის ის თამაში, რომელსაც უნდა ავყვეთ” – გია ვოლსკი
“თუ ვინმე თანამშრომლობს ნატოს სტრუქტურებთან, ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის სათავეში, გამოხტომები, რომ “მოდი, განცხადება გავაკეთოთ” და ამით ყურადღება მიიქციოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, არ არის ის თამაში, რასაც უნდა ავყვეთ”, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას ინიციატივას, რომ პარლამენტმა, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიამ, ვილნიუსის სამიტის წინ ერთობლივი მიმართვა გაუგზავნოს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების კუთხით.
“სახელმწიფო, საქართველო თავის ღირსეულ პარტნიორულ მოვალეობას ასრულებს კონკრეტულად ჩვენი შვილების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შეწირვით იმ საერთო საქმისთვის, რასაც ჰქვია ტერორიზმთან ბრძოლა, ეროვნული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლა და ომი, მხარდამხარ ვიბრძვით ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.
ასე რომ, თუ ვინმე გააკეთებს მიმართვას და თუ ვინმე თანამშრომლობს ნატოს სტრუქტურებთან, ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის სათავეში. იქ პატარა გამოხტომები, რომ მოდი, განცხადება გავაკეთოთ და ამით ყურადღება მიიქციოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ეს არ არის ის თამაში, რომელსაც უნდა ავყვეთ. ეს არ არის ის თემა, რაც პასუხობს დღევანდელ რეალობას, ეს უფრო მგონია, რომ პოლიტიკური სპეკულაციების გარკვეული ფორმაა.
მე ჩემი აზრი ვთქვი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურით შეპყრობილმა ადამიანებმა, ზოგადად პოლიტიკით შეპყრობილმა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გარკვეული სპეკულაციური მიზნები, არ უნდა მოახდინონ გავლენა ჩვენი თანამშრომლობის პერიპეტიებზე ნატოსთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თემები არ არის განსახილველი იმ ხალხთან ერთად, რომელიც გამოდის და პრორუსულობის, რუსული პოლიტიკის გამარჯვების თემაზე ლაპარაკობს ყოველდღიურად ყოვლად უსაფუძვლოდ, უზნეოდ და უტიფრად.
ამ ხალხთან ერთად საგარეო კურსზე ლაპარაკი და იქ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში აყოლა არ არის სწორი სერიოზული ხელისუფლების მხრიდან. ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი არის უმაღლესი და აჭარბებს ბევრი მათი წევრი ქვეყნის თანამშრომლობის ხარისხს, როცა ლაპარაკია საერთაშორისო ოპერაციებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.