“ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს”, – ამის შესახებ ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის პატივია ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა. ცხადია, საქართველოს მოსახლეობას ესმის, რა მდგომარეობაში არიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ასეთ შესანიშნავ პარტნიორობას აშშ-ის ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა.
ამასთან, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
საელჩოს ცნობით, ჯორჯიის შტატი, განსაკუთრებით კი მისი ეროვნული გვარდია ათწლეულებია, საქართველოს ახლო პარტნიორები არიან, იწვრთნებიან და მსახურობენ ერთად. ამიტომ, გუბერნატორ კემპისთვის გამორჩეულად საამაყო იყო სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით.