რატი იონათამიშვილმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის გენერალურ დებატებში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს. მან, კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში, საქართველოს სახელით გააკეთა განცხადება. პარლამენტარმა ისაუბრა გამოწვევებსა და მიღწევებზე, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე, მათ შორის, შშმ ქალთა და შშმ პირთა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების უფლებებზე.
რატი იონათამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ ამძიმებს ოკუპაცია შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, განსაკუთრებით, რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები შშმ პირების მდგომარეობას. მან, დელეგატებს გააცნო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მოგებული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს დაეკისრა ვალდებულება ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, შშმ პირთა უმძიმეს მდგომარეობაზე.
„სესიაზე, საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დამსახურებაზე ვისაუბრე, ვისაც საერთაშორისო დონეზე განუზომელი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში. მათი უმეტესობა კი, დღეს ჩართულია პარაოლიმპიურ მოძრაობაში, საიდანაც ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. ასევე, ხაზი გავუსვი ქართველი შშმ პირების წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ვალდებული გაიგონ მათი ხმა და დააფასონ მათი დამსახურება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ვიმუშაოთ შშმ პირთა თანაბარი უფლებებისთვის ყოველდღიურად და ყველა დონეზე და კარგად უნდა გვესმოდეს, – რაც უფრო ეფექტურად არის დაცული შშმ პირთა უფლებები, მით უფრო ეფექტიანად ხდება ყველა სხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვაც”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 14 ივნისს გაეროში გამართული გენერალური დებატები დაემთხვა საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს.
„ასევე აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველო 2 წლის ვადით იქნა არჩეული CRPD COSP-ის ბიუროს ვიცე-თავმჯდომარე ქვეყნად და ჩვენ ვართ მზად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გასაძლიერებლად, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.