ირაკლი კობახიძე: ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარების გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩანაცვლდეს არა ახალი აგენტურით, არამედ ჯანსაღი, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანებით
“ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს აგინებენ, არის აგენტურა, მიიღებენ დავალებას და როცა მათ მოსთხოვენ ერთად მუშაობას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ისინი ისევ ერთად შეიკვრებიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარების გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩანაცვლდეს არა ახალი აგენტურით, არამედ ჯანსაღი, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანებით.
„არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შიგნით პერსონალურ დონეზე არის კინკლაობა, დაპირისპირებები და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ ხაბეიშვილს, მელიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს და ა.შ. ზოგს უყვარს ერთმანეთი, ზოგს – არა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა. საჭიროების შემთხვევაში, ღმერთმა არ ქნას, რაღაც უბედურება მოხდეს და ამათ მიეცეთ ისევ ძალაუფლება, ზუსტად იგივე განმეორდება, რაც იყო 2012 წლამდე. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს აგინებენ, ისევ ერთად შეიკვრებიან და რატომ?! ისინი არიან აგენტურა, მიიღებენ დავალებას, როცა მათ მოსთხოვენ ერთად მუშაობას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ისინი ისევ ერთად შეიკვრებიან. ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა, რა თქმა უნდა, ვერ წარმოიშობა, ეს იქნება ფორმალური გადაჯგუფებები. თუ საუბარია ჯანსაღ ახალ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც თეორიულად შეიძლება გაჩნდეს ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება მხოლოდ მისასალმებელი, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს მონოპოლია მედია და ფინანსურ რესურსებზე. ასეთ პირობებში სხვა პოლიტიკურ ძალას ძალიან უჭირს შევიდეს პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ობიექტური რეალობა და პრობლემა. ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარების გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს და ჩანაცვლდეს არა ახალი აგენტურით, არამედ ჯანსაღი, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანებით“, – აღნიშნა კობახიძემ.