პარლამენტი დღეს საკანონმდებლო პაკეტს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავს
დღეს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავენ. საკითხზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უკვე იმსჯელეს.
შემოთავაზებული ცვლილებებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება. კერძოდ, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო ობიექტებზე წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის ობიექტის დათვალიერების და საჭირო მასალის თავისუფლად ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. ამასთან, კანონპროექტით სამედიცინო ობიექტებზე სამართალდარღვევის არსებობისას, შუალედური ეტაპი შემოდის, რაც კლინიკებისთვის, არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე ლიცენზიის ან ნებართვის დროებითი შეჩერების მექანიზმს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც.