იაგო ხვიჩია: ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გამოხატვის უფლება, მაგრამ ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება პოლიტიკური მესიჯისთვის ბავშვების გამოყენება
ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გამოხატვის უფლება, მაგრამ ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება პოლიტიკური მესიჯისთვის ბავშვების გამოყენება, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში რაც მოხდა, მოულოდნელი იყო.
„ყველა მიჩვეულები ვართ, როდესაც სტუმრები მოდიან, გავტრიალდებით და ავტომატურად ტაშს ვუკრავთ, რადგან ხან ბავშვები არიან, ხან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მოხდა ისეთი რამ, რომელიც ზოგადად მოულოდნელი იყო. მგონია, რაღაც თვალსაზრისით ბავშვები გამოიყენეს იმ პოლიტიკური მესიჯისთვის, რომელიც, ბევრის აზრით, ლეგიტიმურია. ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გამოხატვის უფლება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება და, სამწუხაროდ, არ მომეცა სხდომაზე ამის დაფიქსირების საშუალება, რადგან შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე დისკუსია არ დაუშვა“,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. ამასთან, მან დარბაზში, სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.