პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და 76 ხმით მიიღო. საკითხი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა და კანონპროექტის მიღების მიზნებსა და მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტით დგინდება სამართლებრივი საფუძვლები ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების სპეციალიზებული ექსპლუატაციის და პარაპლანით ფრენების რეგულირებისთვის.
„აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პირადი დანიშნულების მიზნით ფრენების რეგულირებისთვის სპეციფიკურ წესებს, რაც განაპირობებს იმას, რომ მსგავსი სახის საჰაერო ხომალდების ოპერირება ექცევა სატრანსპორტო ავიაციის მგზავრთა, ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მიმართულებაში და მძიმე ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვის დადგენილი ნორმების რეგულირების ქვეშ. ევროპის და სხვა ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე ზემსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდებზე არ ვრცელდება მძიმე ზომის საჰაერო ხომალდების დადგენილი წესები და მათი რეგულირება ხორციელდება განსხვავებული წესით. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციები გადმოვიდეს საქართველოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც უკავშირდება საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი ავიაციის ექსპლუატაციის ნორმებს, ამასთან მოხდება პარაპლანით ფრენის რეგულირება.
საქართველოს საჰაერო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან ერთად, ცვლილებები შედის ასევე რამდენიმე კანონპროექტში. კანონპროექტს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.