მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ კინოცენტრში რაიმე გააპროტესტოს

„ნაცმოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ კინოცენტრში რაიმე გააპროტესტოს. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება და თავისუფლება უნდა მიიღოს და „ნაცების ნარატივის“ ქვეშ ეს შეუძლებელია”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გარკვეული ინფორმაცია ამ მიმართულებით მაქვს და ყველაზე ცუდი იცით რა არის?! როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას. გუშინ ბევრჯერ ახსენებდნენ ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და რეჟისორს. ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ხომ ყველას გახსოვთ, ქართულ კინო პროდუქტად არ იყო წარდგენილი, რატომ არ იყო „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ იცით?! იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და რატომ არ მისცეს?! იმიტომ რომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მე-4 სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე მაშინ არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. აი, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ. რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ჰგონიათ აუცილებლად ვიღაცისავე სამსახურიდან დათხოვნა. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება და თავისუფლება უნდა მიიღოს და „ნაცების ნარატივის“ ქვეშ ეს შეუძლებელია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ბაჩო ოდიშარიაზე, რომ თუ არის სხვა ასეთი ადამიანი, რომელმაც ასე კარგად იცის ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე მსჯელობდეს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ასეთს ბევრს არ ვიცნობ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები