ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების ნაწილი ამოქმედდა 2022 წლის 1-ელ ნოემბერს. 1-ელი ნოემბრიდან დღემდე, აღსრულების პროცესში, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების გარეშე”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სწორედ იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა. ცვლილების თანახმად, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზუსტდება ვის და რა შემთხვევაში ეკისრება საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, რაც ნორმის არაზუსტი ინტერპრეტირების შესაძლებლობას გააქრობს. ინიციატივის თანახმად, სპორტული და კულტურული ღონისძიების ბილეთის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, მოვაჭრეს მიენიჭება უფლება ხელშეკრულებით დაადგინოს დაბრუნების წესი და პირობები. მომხმარებელი, ბილეთის უკან დაბრუნების უფლებით, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე გამოიკვეთა მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის გამოთვლის წესთან და გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც საკანონმდებლო ინიციატივით აღმოიფხვრება.

„სააგენტოს მიენიჭება უფლება, მოვაჭრეს დაუდგინოს დრო მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ასევე, სააგენტოს მიენიჭება იმ მოვაჭრის დაჯარიმების უფლება, რომელიც მას სათანადო ინფორმაციას არ მიაწვდის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აღსრულების ღონისძიებები უნდა იყოს დროული და ეფექტიანი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები