მიხეილ სარჯველაძე: ყველას სახელით ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს, ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი უზნეო საქციელია, მან ბოდიში მოუხადა შშმ პირებს, მათ თანმხლებებს და დეპუტატებს მომხდარი ინციდენტის გამო.
„სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორებს ზოგიერთი მერკანტილური მოტივებით და მიზნებით იყენებს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს რა თქმა უნდა, არანაირ საზღვრებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.