ირაკლი კობახიძე: არავითარი სურვილი არ გვაქვს, რომ შევყვეთ არახამიას და მის პარტნიორებს პოლემიკაში
“არახამია არა მარტო ირიბად გვთხოვს რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციას, თქვენ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის საქართველოში გახსნას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს არახამიასთან პოლემიკაში შესვლის სურვილი არ აქვს.
„თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები მიჰყიდა. შეიძლება ამას გულისხმობს არახამია. მაგრამ ბუნებრივია არ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებას. აქტივების გაყინვაც არის სანქციების ერთ-ერთი ფორმა. არახამია არა მარტო ირიბად გვთხოვს რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციას, თქვენ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის საქართველოში გახსნას. აქედან გამომდინარე, არახამიას ეს მოწოდება, რომელიც მიმართულია მეორე ფრონტისკენ, ჩვენ არ გვიკვირს. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი. ამაზე ღიად საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მეორე ფრონტს საქართველოში ვერ ეღირსებიან. ზოგადად ეს ადამიანები, როგორებიც არიან არახამია, დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები, ცდილობენ, რომ ჩვენ გამოგვიწვიონ რაღაც პოლემიკაში. არავითარი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, რომ შევყვეთ არახამიას და მის პარტნიორებს პოლემიკაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს. მათი ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, რასაც პირდაპირ ამბობენ, ჩვენ არ გვსურს ეს, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ თავისი გზა ჩვენ კი ჩვენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.