ირაკლი კობახიძე: „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია – ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მითითების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების გამოყენება. პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა „ნაცმოძრაობა“, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. რაც შეეხება კოორდინაციას, იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც მანამდე, რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ იყო ხუთი ათას რუბლიანი კუპიურები. ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა ხუთი მილიონი რუბლი, საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ იყო სამი-ოთხი „გირჩელი“ მოსული „ფორმულასთან“ ერთად. ანუ „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისათვის მიიყვანა მასთან აფილირებული „გირჩელები“. მათი სახე ნახეთ. დღევანდელი პროვოკაციის მომწყობების ვინაობაც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი კოორდინირებული ქმედებები, რაც არის აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება გვაქვს ის, რომ ისინი არიან აქტივისტები“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან” გადმოფინა. მან რუსული რუბლები გადმოყარა.