„ეს უბრალოდ მიუღებელია“ – ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუშის დანიშვნაზე

„მე მგონია, რომ რაღაცებს პატივი უნდა სცენ, როდესაც საკადრო გადაწყვეტილებებს იღებენ. მინდა გითხრათ, რომ გიორგი ტუღუში იყო ყველაზე ზომიერი ნაცმოძრაობაში, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მძიმე პოლიტიკურ წარსულს, ამას პატივი უნდა სცენ საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტუღუშს მოუწია სახალხო დამცველობამ, როდესაც გავრცელდა ციხის კადრები. ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ეს არ აისახებოდა ხოლმე მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშებში სათანადოდ. უფრო მეტიც, კადრების გავრცელების შემდეგ მან მიიღო სააკაშვილის წინადადება ამ სამინისტროს ხელმძღვანელობის თაობაზე, რაც ძალიან მძიმეა. როდესაც ასეთი წარსულის პირობებში, კონკრეტული ადამიანი ინიშნება ევროკავშირში ასეთ თანამდებობაზე, ეს უბრალოდ მიუღებელია. თუმცა, ეს ჩვენი საქმე არ არის და მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ყოფილი ომბუდსმენი, გიორგი ტუღუში მოქმედ სახალხო დამცველს დაეხმარება. ევროკავშირის პროექტი – სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იწყება, პროექტის გუნდს გიორგი ტუღუში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები